საგადასახადო ჯარიმების ნაწილი გაუქმდება ან განახევრდება. ამას მთავრობის მიერ მომზადებული, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებების შეტანა იმის გამო გახდა საჭირო, რომ საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოში დაწყებული დავების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ მაღალი საჯარიმო სანქციებია.
საკანონმდებლო ორგანომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა უკვე დაიწყო.
ცვლილების თანახმად, საშემოსავლო დეკლარაციის დაგვიანებით ჩაბარების შემთხვევაში პირები ჯარიმისგან სრულად გათავისუფლდებიან, ხოლო საშემოსავლო წესების სხვა დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.
მაგალითად, პირი, რომელიც სახლს აქირავებს და ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაცია საშემოსავლო სამსახურს წლის ბოლომდე ჩააბაროს, დეკლარირების გადავადებას შეძლებს და ყოველწლიურად შემოსული თანხის 4 პროცენტს გადაიხდის.
მთავრობა ბიზნესმენს აღურიცხავი საქონლით გამოწვეული ჯარიმების განახევრების ან მისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
მაგალითად, თუ აღურიცხავი საქონელი აღრიცხულზე 2 %–ით ნაკლები იქნება, ჯარიმა სრულად მოიხსნება, ხოლო თუ მეტი, განახევრდება. ასევე შემცირდება საბაჟოს გვერდის ავლით პროდუქციის შემოტანისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა.
ცვლილებები სხვა ჯარიმების შემცირებასაც ითვალისწინებს. ესაა ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან გამოცხადების ვადების დარღვევა და სხვა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, თუ დღევანდელი კანონმდებლობით დეკლარაციაში შემცირებული იმპორტი ჯარიმდება საქონლის ღირებულების 100%–ით, ამიერიდან ფიზიკური პირი მხოლოდ 40%–ს გადაიხდის და ესეც იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილი საქონლის მოცულობა 3 ათას ლარს არ აღემატება.
მთავრობის პროექტით, მეწარმე, რომელიც საგადასახადო შემოწმებამდე შემოსავლების სამსახურს დანაკარგის შესახებ წინასწარ შეატყობინებს, აღარ დაჯარიმდება.
ამასთან, ახალი კანონპროექტით იზრდება იმპორტის გადასახადის გარეშე შემოსატანი პროდუქციის ჩამონათვალი, ხოლო რაოდენობა ორმაგდება.
„მაგალითად, ადამიანს უცხოეთში შეძენილი კონიაკი არ ვისკი აქციზური მარკის და იმპორტის გადასახადის გარეშე შეუძლია მხოლოდ 2 ლიტრი შემოიტანოს, ამიერიდან ეს ზღვარი 4 ლიტრამდე გაიზრდება. თუ ნებადართული იყო 20 კოლოფი სიგარეტის შემოტანა, ეს ზღვარი 4 ბლოკამდე იზრდება,“ – განმარტავს გია ხუროშვილი