Monday, June 6, 2011

დოლარის დომინირება 15 წელი გაგრძელდება







მსოფლიოს სავალუტო ბირჟაზე ამერიკული დოლარის დომინირება კიდევ სულ რაღაც 15 წელს გასტანს. 2025 წლისათვის შეიქმნება მულტისავალუტო სისტემა, დოლარი მთავარ როლს დაკარგავს და მოწინავე პოზიციაზე მხოლოდ ევროსთან და ჩინურ იუანთან ერთად იქნება.

ამერიკული ვალუტის მიერ გლობალურ ფინანსურ სისტემაში მონოპოლიის დაკარგვის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში გაჟღერდა. ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს ათწლეულში გაიზრდება მსოფლიოს ფინანსურ სისტემაზე იუანის გავლენა, რასაც ხელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა და გლობალურ ბაზარზე მსხვილი ჩინური ბანკების და კორპორაციების გაფართოვება შეუწყობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ეს დიდ გავლენას მოახდენს დაბალგანვითარებული და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკებზე, რომლებიც შიდა სავაჭრო ოპერაციებში საკუთართან ერთად უცხოურ ვალუტებს იყენებენ. მათ ეროვნულ ვალუტას კურსის მვეთრი ცვალებადობა ელის.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და ა.შ.), ანალიტიკოსთა აზრით, 2025 წლისათვის მსოფლიოს შიდა პროდუქტის ზრდაში მათი წილი საგრძნობლად მოიმატებს. ამ ქვეყნების ეკონომიკები საშუალოდ, წლიურად 4,7 პროცენტით გაიზრდება, ხოლო გლობალურ ეკონომიკაში მათი საერთო წილი ამჟამინდელი 36-დან 45 პროცენტამდე გაიზრდება.

რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მათი ბაზარი, საშუალოდ, წლიურად 2,3 პროცენტით გაიზრდება. ამ ჯგუფის ლიდერი კვლავ იქნება აშშ, შემდეგ კი იაპონია და დიდი ბრიტანეთი. საერთოდ, განვითარებადი ქვეყნების კარგი მაჩვენებელი გამოიწვევეს ეკონომიკური ზრდის ცენტრების მათ და განვითარებულ ქვეყნებს შორის გადანაწილებას. ანუ, ერთგვარად მრავალპოლარული მსოფლიო ჩამოყალიბდება.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში აშშ-მ, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსი დაკარგოს. თუ ვაშინგტონმა თავისი ფინანსური მდგომარეობა ვერ მოაწესრიგა, ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალის ზრდა ვერ შეამცირა, მას ჩინეთი აუცილებლად გაუსწრებს.

No comments:

Post a Comment