Friday, July 2, 2010

ცვლილებები საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის

საშუალო და მსხვილ ბიზნესში მოსალოდნელი ცვლილებებია: 1) ბიზნესი დღგ–ს კვარტალში ერთხელ გადაიხდის. 2) კოდექსში შევა კეთილსინდისიერი გადამხდელის, ე.წ. Good Face–ის ცნება. კარგი გადამხდელი კომპანია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მას შესაძლოა გადახდომაც აპატიონ. 3) დღგ–ით დასაბეგრი ზედა ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაიზრდება. 4) შეიცვლება ქრონომეტრაჟის წესი: საწარმოს შემოწმებისას წინა კვირის შემოსავლები მიმდინარე კვირაზე ავტომატურად არ გავრცელდება (მოქმედი კოდექსით, მაგ. რესტორნის შემოწმებისას,წინა და მიმდინარე კვირის შემოსავლებს შორის სხვაობა 10%–ზე მეტი არ უნდა იყოს.წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი შემოსავლების დამალვის მოტივით ჯარიმდება). ქრონომეტრაჟის დროს გათვალისწინებულ იქნება სეზონურობაც. 5) თუ ბიზნესი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას ელექტრონულად ფინანსთა სამინისტროს სერვერზე მოახდენს, მასთან საგადასახადო ერთკვირიან შემოწმებაზე აღარ შევა და მხოლოდ კომპლექსური შემოწმება შეეხება. 6) საწარმოს დაზიანებული,გაფუჭებული პროდუქტის ან საქონლის ჩამოწერის უფლება მიეცემა. 7) დავების საბჭოს მიერ რომელიმე კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პრეცენდენტულად გავრცელდება სხვა კომპანიაზეც. საბჭოს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება აღარ მოუწევს.ამით კომპანიების ნაწილი დავების საბჭოში კვირაობით სიარულისა და ლოდინისგან განთავისუფლდება. 8) შეიქმნება აუდიტის უმაღლესი საბჭო ხუთი წევრის შემადგენლობით. ის ზედამხედველობას გაუწევს დავების საბჭოს, რათა ფინანსთა სამინისტროს მოხელემ ბიზნესი თავისი ინტერპრეტაციით არ დააჯარიმოს. საბჭოს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. 9) საბაჟო და საგადასახადო კოდექსი გაერთიანდება. ამის შემდეგ ბიზნესს საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობის საგადასახადო ნაწილში გადატანა შეეძლება. 10) საგადასახადო ტვირთი გაეზრდება სათამაშო ბიზნესს, სპირტიანი სასმელების (ღვინის გარდა) წარმოებას და მეტად დაიბეგრება უძრავი ქონება. 11) წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება: ბიზნესი თუ ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართავს შეკითხვით, მიღებულ პასუხს იურიდიული ძალა ექნება. ცვლილებები არ შეეხება პრესას,სოფლის მეურნეობისა და რამდენიმე სხვა სექტორს. ისინი კვლავაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

No comments:

Post a Comment