Monday, June 20, 2011

ყველაზე მდიდარი და ცნობილი ახალგაზრდები


ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2011 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ახალგაზრდების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე მოხვდა ლედი გაგა, რომელსაც წლევანდელმა წელმა უკვე 90 მილიონი დოლარი მოუტანა.

სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. ლედი გაგა - 90 მილიონი დოლარი.
2. ჯასტინ ბიბერი - 53 მილიონი.
3. ლებრონ ჯეიმსი --- 48 მილიონი.
4. როჯერ ფედერერი - 47 მილიონი.
5. ტეილორ სვიფტი – 45 მილიონი.
6. კეტი პერი - 44 მილიონი.
7. კრიშტიანუ რონალდუ – 38 მილიონი.
8. ბეიონსე – 35 მილიონი.
9. ლაიონელ მესი – 32 მილიონი.
10. რაფაელ ნადალი – 31 მილიონი.

გასულ წესლ რეიტინგის პირველ ადგილს ბეიონსე იკავებდა. მომღერლის შარშანდელმა შემოსავალმა 87 მილიონი შეადგინა.

ფინანსური კრიზისი უკეთესი მომავლისთვის


საინტერესოა მიმდინარე ფინანსური კრიზისი იქონიებს თუ არა გავლენას ხალხის ხარჯვის ჩვევებზე და ამასთანავე ხელს შეუწყობს უკეთესი მსოფლიოს შექმნას.

იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ მომხმარებელზე ორიენტირებამ ბიძგი მისცა მათ მიერ ფულის სწრაფად ხარჯვას, რასაც მოჰყვა საშინელი ფინანსური კრიზისი.

მარტინ რეიმონდმა, რომელმაც დააფუძვნა კომპანია სახელწოდებით “Future Laboratory”, რომელიც ატარებს მარკეტინგულ გამოკვლევებს, რათა გაარკვიოს სამომავლო ტენდენციები, მან განაცხადა, რომ ვებ საიტი Freecycle არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მომხმარებელზე კონცენტრირება აღარ ხდება. იმის მაგივრად, რომ ხალხმა გადაყაროს უსარგებლო ნივთები, ის მათ ყიდის საიტზე, გააჩუქებს, ან ცვლის სხვა პროდუქტში, რაც მათთვის უფრო მეტად ღირებულია. “ეს სარის საწყისი ტენდენციები”- განაცხადა ბატონმა რეიმონდმა.

ხალხი ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდა, ისინი ფინანსურ კრიზისს აღიქვამენ, როგორც წინააღმდეგობას მათ წინაშე. ისინი ხედავენ ახლობლებს, რომლებიც ტოვებენ სამსახურს და იძულებულები ხდებიან გაჭირვებაში იცხოვრონ. ამავე დროს მომხმარებლები უფრო მეტს ფიქრობენ, მანამ სანამ მიიღებებნ გადაწყვეტილებას იყიდონ ესა თუ ის პროდუქტი. შესაბამისად ისინი იკვლევენ ამ პროდუქტის ავკარგიანობას მათ ყიდვამდე.

როგორც ჩანს, ბოლო მოეღო ხალხის ჩვევას ხარჯონ ფული დაუფიქრებლად, სწორედ ეს ჩვევა არის ის დადებითი მხარე ფინანსურ კრიზისში, რაც დიდ გავლენას მოახდენს მომავალ მსოფლიო განვითარებაზე.



Monday, June 13, 2011

ეკონომიკის სამინისტროში დღეს რეორგანიზაცია დასრულდება





ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაცია დღეს დასრულდება.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი იმ დეპარტამენტების ხელმძღვანელის ვინაობა, რომელთა უფროსების თანამდებობაც ამ ეტაპზე თავისუფალია. ეს ტურიზმისა და კურორტების და საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს ეხება. საგარეო ვაჭრობის უკვე ყოფილი დეპარტამენტის ხელმძღანელი ირაკლი მატკავა საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე პეტრე კანკავა კი, თანამდებობიდან გათავისუფლდა.


რეორგანიზაციის პროცესში ასევე გაერთიანდა ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტები. გაერთიანებულ დეპარტამენტს გიორგი ბაქრაძე ხელმძღვანელობს.

სადაზღვევო კომპანიებს ანგარიშების წარდგენა ყოველთვიურად მოუწევთ

სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს ანგარიშების წარდგენა კვარტალურის ნაცვლად უკვე ყოველთვიურად მოუწევთ. ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკსა და სადაზღვევო ასოციაციაში ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ყოველთვიურ ანგარიშგებაზე გადასვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

იმავდროულად საუბარია ანგარიშგების ფორმის დახვეწაზე. თავად სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მათ ნაწილს ანგარიშგების ფორმების შევსება უჭირდა და ამ მხრივ ხარვეზები იყო.

სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად საზოგადოებას, თითოეულ მომხმარებელს ყოველთვიურად ეცოდინება სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შედეგები, ფინანსური მაჩვენებლები. ნიკა რამიშვილის თქმით, “ამით ბოლო მოეღება მითებს სადაზღვევოების ზემაღალი მოგებების შესახებ”.

Friday, June 10, 2011

სათამაშო ბიზნესში გადასახადები იზრდება


სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე იზრდება და ამ გადასახადს ობიექტის მფლობელი 5 წლის მანძილზე გადაიხდის. "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები სულ მალე შევა. იცვლება საქართველოს კანონი "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ'', რომლის თანახმად, კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო აპარატზე გადასახადი კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარამდე, სათამაშო აპარატზე - 1 500-დან 3 000 ლარამდე, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალარო აპარატზე 3 750-დან 7 500 ლარამდე გაიზრდება.

რა შემთხვევაში არ იქნება ლარით ვაჭრობა სავალდებულო?


ბოლო პერიოდში საბანკო მიმართულებით ბევრი საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მაგრამ ერთი მათგანი სხვაზე უფრო საყურადღეობა აღმოჩნდა. ეროვნულ ბანკს იმ შემთხვევების განსაზღვრის უფლება ენიჭება, როდესაც ლარით ვაჭრობა სავალდებულო არ იქნება.

კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერეჯრობით არ დაუწყიათ. ამიტომაც ზუსტად არ არის გარკვეული ეროვნული ვალუტის შევიწროება რა დოზით მოხდება.

გარდა ამ ცვლილებებისა, ეროვნულ ბანკს სხვა კუთხითაც უფართოვდება უფლებები. მაგალითად, სებ-ს საფინანსო სექტორისგან რიგი ინფორმაციების, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის, გამოთხოვის უფლება ენიჭება.„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ახალი მუხლი ემატება.

კანონპროექტის თანახმად, ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისთვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ამას გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების განსახორციელებლად.

კომერციულ ბანკებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. ამჯერად შეზღუდვები ეხება აუდიტის საბჭოს წევრობას. დღევანდელი წესი ასეთია: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელშიც შედის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად თუ ის არ არის ბანკთან დაკავშირებული პირი. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აუდიტის კომიტეტი აუცილებლად დამოუკიდებელი წევრებისგან უნდა შედგებოდეს.

და ბოლოს საბანკო სივრცეში უპროცენტო საბანკო მოსმახურების ფორმა შემოდის.  ამას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია



Thursday, June 9, 2011

ჯარიმების ნაწილი გაუქმდება ან განახევრდება


საგადასახადო ჯარიმების ნაწილი გაუქმდება ან განახევრდება. ამას მთავრობის მიერ მომზადებული, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებების შეტანა იმის გამო გახდა საჭირო, რომ საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოში დაწყებული დავების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ მაღალი საჯარიმო სანქციებია.

საკანონმდებლო ორგანომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა უკვე დაიწყო.

ცვლილების თანახმად, საშემოსავლო დეკლარაციის დაგვიანებით ჩაბარების შემთხვევაში პირები ჯარიმისგან სრულად გათავისუფლდებიან, ხოლო საშემოსავლო წესების სხვა დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

მაგალითად, პირი, რომელიც სახლს აქირავებს და ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაცია საშემოსავლო სამსახურს წლის ბოლომდე ჩააბაროს, დეკლარირების გადავადებას შეძლებს და ყოველწლიურად შემოსული თანხის 4 პროცენტს გადაიხდის.

მთავრობა ბიზნესმენს აღურიცხავი საქონლით გამოწვეული ჯარიმების განახევრების ან მისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
მაგალითად, თუ აღურიცხავი საქონელი აღრიცხულზე 2 %–ით ნაკლები იქნება, ჯარიმა სრულად მოიხსნება, ხოლო თუ მეტი, განახევრდება. ასევე შემცირდება საბაჟოს გვერდის ავლით პროდუქციის შემოტანისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა.

ცვლილებები სხვა ჯარიმების შემცირებასაც ითვალისწინებს. ესაა ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან გამოცხადების ვადების დარღვევა და სხვა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, თუ დღევანდელი კანონმდებლობით დეკლარაციაში შემცირებული იმპორტი ჯარიმდება საქონლის ღირებულების 100%–ით, ამიერიდან ფიზიკური პირი მხოლოდ 40%–ს გადაიხდის და ესეც იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილი საქონლის მოცულობა 3 ათას ლარს არ აღემატება.

მთავრობის პროექტით, მეწარმე, რომელიც საგადასახადო შემოწმებამდე შემოსავლების სამსახურს დანაკარგის შესახებ წინასწარ შეატყობინებს, აღარ დაჯარიმდება.

ამასთან, ახალი კანონპროექტით იზრდება იმპორტის გადასახადის გარეშე შემოსატანი პროდუქციის ჩამონათვალი, ხოლო რაოდენობა ორმაგდება.

„მაგალითად, ადამიანს უცხოეთში შეძენილი კონიაკი არ ვისკი აქციზური მარკის და იმპორტის გადასახადის გარეშე შეუძლია მხოლოდ 2 ლიტრი შემოიტანოს, ამიერიდან ეს ზღვარი 4 ლიტრამდე გაიზრდება. თუ ნებადართული იყო 20 კოლოფი სიგარეტის შემოტანა, ეს ზღვარი 4 ბლოკამდე იზრდება,“ – განმარტავს გია ხუროშვილი

ნორვეგიული კომპანია საქართველოში 380 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს



ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯი ინვესტი" საქართველოში ბიზნესს იწყებს. "ქლინ ენერჯი ინვესტი" აჭარისწყალზე 7 ჰესის ასაშენებლად 380 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდება. თუმცა მანამდე პროექტის დეტალები ოსლოში დასუსტდა, სადაც საქართველო-ნორვეგიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობდა.

"საქართველოს ენერგოსექტორით ჩვენი დაინტერესება დიდია. კომპანია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობითა დაინტერესებული. უკვე მიღწეულია შეთანხმება აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობაზე. მიღებული ელეტროენერგიის ექსპორტს თურქეთში ვგეგმავთ", - აღნიშნა "ქლინ ენერჯი ინვესტი" ხელმძღვანელმა ბანდ მიკელსენიმ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ნორვეგიული ბიზნესი საქართველოს ჰიდრო პოტენციალის ათვისებით დაინტერესებულია.





კერძო აუდიტორის მომსახურების ღირებულება 1000–დან 40 000–მდე ლარი ეღირება


რა დაუჯდება ბიზნესს ალტერნატიული აუდიტი? – სახელმწიფო ბიზნესს არჩევანის თავისუფლებას აძლევს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, შემოსავლების სამსახურის ნაცვლად კერძო აუდიტორებმა შეამოწმონ. პროექტი ამ დროისათვის საპილოტე რეჟიმშია და წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს ის მეთოდოლიგია, რომლითაც შემდეგში აუდიტორები იხელმძღვანელებენ. პროექტი სრული მასშტაბით 2012 წლიდან ამოქმედდება.


 პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა აღმასრულებელი დირექტორი სხვა აუდიტორების მსგავსად ხელისუფლების ამ ინიციატივას დადებითად აფასებს. რაც შეეხება საფასურს - მას შემდეგ, რაც ეს პროექტი სრულად ამოქმედდება, აუდიტორული ორგანიზაციები სამ კატეგორიად დაიყოფიან, ისინი, ვინც წვრილ ბიზნესს მოემსახურებიან, ასევე საშუალო და მსხვილს ბიზნესზე მომუშავეებად. მცირე ბიზნესს აუდიტორის მომსახურება შესაძლოა 1000-დან 2000 ლარამდე დაუჯდეს, ხოლო მსხვილ ბიზნესს 30 ათასიდან 40 ათასამდე. ლავრენტი ჭუმბურიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მეწარმეს ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს, ეს ბიზნესისთვის მისაღები თანხა უნდა იყოს.

Wednesday, June 8, 2011

საქართველოში უცხოელი ტურისტთა რაოდენობა 44 %-ით გაიზარდა


საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 879 ათას 65 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 %-ითაა გაზრდილი.

საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტებიდან პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც იანვარ-მაისსში საქართველოში 267 ათას 107 ვიზიტორი შემოვიდა.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ხუთ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულია 243 ათას 346 ვიზიტორი, ხოლო სომხეთიდან 192 ათას 468 ვიზიტორი.

იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 62 ათას 804 ვიზიტორი, ხოლო უკრაინიდან 19 ათას 537 ვიზიტორი შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოში უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გაიზარდა ტურისტები ეკვადორიდან (900%), სომალიდან (900%), მაროკოდან (593%), და ბაჰრეინიდან(400%).

იანვარ-მაისის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადებით 44 %-ით გაიზარდა (სულ 846 596 ტურისტი).

ხუთი თვის განმავლობაში 17 %-ითაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა ამერიკიდან (სულ 8951 ტურისტი). ხუთ თვეში აღმოსავლეთ აზიიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 25 %-ით გაიზარდა (სულ 6635 ტურისტი). ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 39 %-ითაა გაზრდილი (სულ 1443 ტურისტი), ხოლო სამხრეთ აზიიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 94 %-ითაა გაზრდილი (სულ 13841 ტურისტი).

რაც შეეხება აფრიკის კონტინეტს, იანვარ-მაისს საქართველოში 597 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77 %-ითაა გაზრდილი.

დსთ-ს სივრციდან იანვარ-მაისში საქართველოში 532 ათას 210 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 %-ით მეტია.

Tuesday, June 7, 2011

ერთი წლის განმავლობაში მიწა 50 პროცენტით გაძვირდა


ბოლო დროს ქართულ მიწებზე ფასმაც მოიმატა და მოთხოვნამაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მიწა 50 პროცენტით არის გაძვირებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. სავარაუდოა, რომ წლის ბოლომე მიწის გაძვირება კიდევ გაგრძელდება.

 დედაქალაქში მიწის ღირებულება, კვადრატულ მეტრზე, ზონების მიხედვით, 100-დან 2000 დოლარამდე განისაზღვრება.

თბილისში სამშენებლო მიწა ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოზეა. გაცილებით იაფია გარეუბნებში. გარკვეულწილად, მოიმატა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასმაც, განსაკუთრებით თბილისთან ახლოსმდებარე ნაკვეთებზე.

უძრავი ქონების სფეროს ექსპერტის, გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, მიწაზე არის მოთხოვნა, თუმცა რეალური მყიდველინაკლებია. უცხოელებს, ძირითადად, დიდ ნაკვეთებებზე აქვთ მოთხოვნა, 20 ჰექტრიდან ზევით. მისი თქმით, ბაზარზე ყველაზემეტად ჯერჯერობით ირანელები და ბელგიელები აქტიურობენ.

დეპუტატები თელავში 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრებენ


თელავის უნივერსიტეტში დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე შეხვედრას გამართავს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან" აცნობეს, შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან ერთად "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე დაესწრება.

ჩახვაძე 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით თელავის მოსახლეობას საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შესახებ საკუთარი იდეები და მოსაზრებები გამოთქვან.

Monday, June 6, 2011

საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 14%-ს გადააჭარბა


საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 14%-ს გადააჭარბა.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14,3%-ზე დაფიქსირდა.

2011 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.

დოლარის დომინირება 15 წელი გაგრძელდება







მსოფლიოს სავალუტო ბირჟაზე ამერიკული დოლარის დომინირება კიდევ სულ რაღაც 15 წელს გასტანს. 2025 წლისათვის შეიქმნება მულტისავალუტო სისტემა, დოლარი მთავარ როლს დაკარგავს და მოწინავე პოზიციაზე მხოლოდ ევროსთან და ჩინურ იუანთან ერთად იქნება.

ამერიკული ვალუტის მიერ გლობალურ ფინანსურ სისტემაში მონოპოლიის დაკარგვის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში გაჟღერდა. ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს ათწლეულში გაიზრდება მსოფლიოს ფინანსურ სისტემაზე იუანის გავლენა, რასაც ხელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა და გლობალურ ბაზარზე მსხვილი ჩინური ბანკების და კორპორაციების გაფართოვება შეუწყობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ეს დიდ გავლენას მოახდენს დაბალგანვითარებული და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკებზე, რომლებიც შიდა სავაჭრო ოპერაციებში საკუთართან ერთად უცხოურ ვალუტებს იყენებენ. მათ ეროვნულ ვალუტას კურსის მვეთრი ცვალებადობა ელის.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და ა.შ.), ანალიტიკოსთა აზრით, 2025 წლისათვის მსოფლიოს შიდა პროდუქტის ზრდაში მათი წილი საგრძნობლად მოიმატებს. ამ ქვეყნების ეკონომიკები საშუალოდ, წლიურად 4,7 პროცენტით გაიზრდება, ხოლო გლობალურ ეკონომიკაში მათი საერთო წილი ამჟამინდელი 36-დან 45 პროცენტამდე გაიზრდება.

რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მათი ბაზარი, საშუალოდ, წლიურად 2,3 პროცენტით გაიზრდება. ამ ჯგუფის ლიდერი კვლავ იქნება აშშ, შემდეგ კი იაპონია და დიდი ბრიტანეთი. საერთოდ, განვითარებადი ქვეყნების კარგი მაჩვენებელი გამოიწვევეს ეკონომიკური ზრდის ცენტრების მათ და განვითარებულ ქვეყნებს შორის გადანაწილებას. ანუ, ერთგვარად მრავალპოლარული მსოფლიო ჩამოყალიბდება.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში აშშ-მ, შესაძლოა, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსი დაკარგოს. თუ ვაშინგტონმა თავისი ფინანსური მდგომარეობა ვერ მოაწესრიგა, ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალის ზრდა ვერ შეამცირა, მას ჩინეთი აუცილებლად გაუსწრებს.

Friday, June 3, 2011

აუდიტორები კომპანიებს შეამოწმებენ, სახელმწიფო კი - აუდიტორებს


შემოსავლების სამსახურმა საპილოტე პროგრამა „ალტერნატიული აუდიტის“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიხედვით, მეწარმე თავად გადაწყვეტს, ვინ შეამოწმოს - შემოსავლების სამსახურმა, კერძო აუდიტორულმა თუ საკონსულტაციო კომპანიამ. თუ ბიზნესი კერძო აუდიტორს აირჩევს, შემოსავლების სამსახური აუდიტის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს.

პილოტურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულია 12 საკონსულტაციო-აუდიტორული კოპანია, რომლებიც 12 გადამხდელს შეამოწმებენ. შემოსავლების სამსახურის მხრიდან გამოვლენილია აუდიტორიული და საკონსტულტაციო კომანიები: GDC SOLUTIONS, „კაპტო ჯგუფი“, „MGI მედიატორი“, ფინანსური მართვის ჯგუფი, საგადასახადო აუდიტორიული ბიურო „საბი“, საკონსულტაციო კომპანია „გვაზავა და პარტნიორები“, აუდიტორული კომპანია „მრჩეველი“, BAKER TILLY GEORGIA, საქართველოს აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანია, BDO GEORGIA, PKF GEORGIA და „კონსაუდი“.

შემოსავლების უფროსი ამბობს, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტში წლის ბოლომდე 25 საკონსულტაციო კომპანია ჩართვება.

ეტაპობრივად ჩამოყალიბდება ის მეთოდოლოგია პილოტის რეჟიმის წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2011 წლის ბოლომდე დაახლოებით 25 კომპანიამდე გაიზრდება. ხოლო მომავალი წლიდან დავიწყებთ უკვე სრულმასშტაბიან ალტერნატიულ აუდიტს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.

„ალტერნატიული აუდიტის“ ფარგლებში, შემმოწმებელი კომპანია, თავად შემოსავლების სამსახურიდან შემოწმდება. შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განმარტებით, ის აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა გადამხდელებს შეამოწმებენ, შემოსავლების სამსახურიდან გაკონტროლდებიან, თუ რამდენად იცავენ შემოწმების სტანდარტებს.

ივნისის ბოლოდან მეწარმეებს ელექტრონულ აპარატებს მიუერთებენ


ერთი თვის თავზე, როდესაც ზაფხული ძალაში შევა, მეწარმეებს დამატებით დასცხებათ, რადგან ამ დროს საქართველოში ახალი ელექტრონული სალარო აპარატები შემოვა. წლის ბოლომდე ყველა წვრილსა თუ მსხვილ ბიზნესმენს მისი შეძენა მოუწევს. სახელმწიფო კი მხოლოდ ძალიან წვრილებს შეეშველება.

ივნისის ბოლოდან საქართველოში ახალი სალარო აპარატები შემოვა. შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, სალარო აპარატებთან ერთად ცენტრალიზებული მართვის სისტემაა საჭირო.

„მიმდინარეობს ახალი სალარო აპარატების დამზადების პროცესი. ბულგარული კომპანია პირველ პარტიას ამზადებს, თუმცა სალარო აპარატებთან ერთად ჩვენ მართვის ცენტრალიზებული სისტემა უნდა გვქონდეს. ახლა ჩვენი და ბულგარული კომპანიის პროგრამისტები მართვის აღნიშნული სისტემის შექმნაზე მუშაობენ“, - განმარტა ებანოიძემ.

ახალი სისტემის სალარო აპარატებთან დაკავშირებით მთავრობის გასული წლის 14 დეკემბრის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ ე.წ. „ახალი ეკონომიკური კურსის“ ფარგლებში ისაუბრეს.

როგორც მაშინ ბაინდურაშვილმა განაცხადა, „ამ სისტემის აპარატების დანერგვით ქვეყანაში საგადასახადო ადმინისტრირების ევროპული სისტემა ინერგება“. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აპარატები მეწარმეებს უფასოდ გადაეცემოდათ. მაშინ ბანდურშვილს არ უთქვამს, რომ საჩუქარი მხოლოდ მეწარმეთა ნაწილს ეხებოდა. ახლა კი სხვაგვარი რეალობაა.

იმ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო მათ, ვისი ბრუნვაც ამ თანხას აჭარბებს, სალარო აპარატის შეძენა მოუწევს. საერთო ჯამში, ახალი აპარატების მეწარმეებისთვის გადაცემა სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება.

100 ათას ცალ სალარო აპარატს ტენდერში გამარჯვებული კომპანია DAISY TECHNOLOGH შემოიტანს, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპარატების ჯამური ღირებულება 13 300 000 დოლარს შეადგენს (დღგ-ს გარეშე). კომპანია აპარატების ეტაპობრივ მიწოდებას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს.

სალარო აპარატს 3-წლიანი გარანტია გააჩნია. აპარატის ღირებულება 135-150 დოლარი იქნება.

ახალი სისტემის დანერგვა ფინანსთა სამინისტრომ ადმინისტრირების გამარტივების მიზნით შეუმუშავა. გარდა ამისა, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა მეწარმის ნდობას მათ მიმართ მნიშვნელოვნად აამაღლებს, ვინაიდან საგადასახადო ოფიცერი თავად აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ შეამოწმოს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა. ამჯერად, ოფიცერს „ესემესით“ მიუვა შეტყობინება თუ სად უნდა წავიდეს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა და ეს სისტემა მთლიანად პროგრამირებული გახდება.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული შემოწმების სისტემა ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. მთავარია, რამდენად სწორად იქნება შექმნილი სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგრამა.

Thursday, June 2, 2011

მსოფლიო ნავთობის ფასები შემცირდა


მსოფლიო ნავთობის ფასები, ბოლო ვაჭრობის შედეგად, შემცირდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება .
ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2,20 აშშ დოლარით შემცირდა და 114,53 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2,41 აშშ დოლარით 100,29 აშშ დოლარმდე შემცირდა.

შემოსავლების სამსახური ,,ალტერნატიული აუდიტის" პრეზენტაციას გამართავს








სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს, შემოსავლების სამსახური საპილოტე პროექტის “ალტერნატიული აუდიტის” პრეზენტაციას გამართავს .

პრეზენტაციას უკვე შერჩეული 12 საწარმოს და 12 კერძო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის მიხედვით, მეწარმე თავად გადაწყვეტს, ვინ შეამოწმოს – შემოსავლების სამსახურმა თუ კერძო აუდიტორულმა ან საკონსულტაციო კომპანიამ. თუ ბიზნესი კერძო აუდიტს აირჩევს.

შემოსავლების სამსახური მის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს.

შემოსავლების სამსახური “ალტერნატიული აუდიტის” პრეზენტაციას გამართავს.


სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს, შემოსავლების სამსახური საპილოტე პროექტის “ალტერნატიული აუდიტის” პრეზენტაციას გამართავს .

პრეზენტაციას უკვე შერჩეული 12 საწარმოს და 12 კერძო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის მიხედვით, მეწარმე თავად გადაწყვეტს, ვინ შეამოწმოს – შემოსავლების სამსახურმა თუ კერძო აუდიტორულმა ან საკონსულტაციო კომპანიამ. თუ ბიზნესი კერძო აუდიტს აირჩევს.

შემოსავლების სამსახური მის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს.

Wednesday, June 1, 2011

ბანკებს დღეიდან ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯის მითითება მოუწევთ


"საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი ძალაში დღეიდან შედის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი წესი სებ-მა მოამზადა და მისი მიზანია საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საბანკო სექტორში გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება.

აღნიშნული წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მუდმივი მონიტორინგის თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკში სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა.

ბანკებს დღეიდან ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯის მითითება მოუწევთ




საბანკო მომსახურების გაწევისას, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი ძალაში დღეიდან შედის.

ბანკები ვალდებულები ხდებიან, ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯი მიუთითონ.

წესის თანახმად, ბანკებს ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯის მითითება მოუწევთ, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთანაა დაკავშირებული – პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკებისა და ხელშეკრულების პირობების ცვლილებების შესახებ.

გარდა ამისა, ბანკებმა უნდა შეიმუშაონ პრეტენზიების მიღების სტანდარტული წერილობითი პროცედურა და მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა ყოველთვიურად მიაწოდონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა



2011 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლნ ლარით, ანუ 0.01 პროცენტით გაიზარდა და 10682.7 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1796.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.8 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81.0 პროცენტი შეადგინა.

აპრილი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ თვის შედეგებით 37.4 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 81.4 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78.6 პროცენტი მიაღწია.

ბანკებს დღეიდან ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯის მითითება მოუწევთ

საბანკო მომსახურების გაწევისას, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი ძალაში დღეიდან შედის.

ბანკები ვალდებულები ხდებიან, ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯი მიუთითონ.

წესის თანახმად, ბანკებს ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯის მითითება მოუწევთ, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთანაა  დაკავშირებული – პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო  რისკებისა და ხელშეკრულების პირობების ცვლილებების შესახებ.

გარდა ამისა, ბანკებმა უნდა შეიმუშაონ პრეტენზიების მიღების სტანდარტული წერილობითი პროცედურა და მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა ყოველთვიურად მიაწოდონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.