Tuesday, May 31, 2011

შეზღუდვა ბანკებს



 კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ახალი შეზღუდვა უწესდებათ. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემისას ბანკებმა ლარის 15%-იანი შესაძლო გაუფასურება უნდა გაითვალისწინონ, ხოლო უცხოურ ვალუტაში ანაბრის განთავსებისას ლარის შესაძლო 15%-იანი გამყარება.

როგორც ბანკების ასოციაციაში განმარტავენ, ცვლილება მომხმარებელთა დასაცავად გატარდა. მათი განმარტებით, ბანკი კურსის ცვლილების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ მიიღებს და კლიენტი წინასწარ იქნება საქმის კურსში ჩაყენებული. ანუ ბანკი და მომხმარებელი სავალუტო რისკებს თანაბრად გადაინაწილებენ.

შეგახსენებთ: მომხმარებელთა დასაცავად ბანკებმა ეროვნული ბანკთან ერთად ხელშეკრულების ახალი ფორმა შეიმუშავეს. შედეგად, 14 მაისიდან უკვე ძალაშია ცვლილება, რომლის თანახმადაც კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ბანკს კლიენტისთვის 2%-ზე მაღალი პირგასამტეხლოს დაწესება ეკრძალება.

გარდა ამისა, 1 ივნისიდან ბანკს და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, მასში დეტალურად უნდა გაიწეროს ყველა საპროცენტო განაკვეთი თუ სხვა გადასახადი.

Monday, May 30, 2011

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში გაიხსნა


2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ. ბათუმში საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრატ მამადოვი.

იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ერთ წელიწადში აშენდა და მასში დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურებთან ერთად განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა. ბათუმისა და საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა:

ახალი ქართული ბრენდი - იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისები არა მექანიკურად, არამედ -იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

Tuesday, May 24, 2011

"გაზპრომი" რეკორდული დივიდენდების გაცემას აპირებს


"გაზპრომის" დირექტორთა საბჭო 2010 წლის "გაზპრომის" აქციებისთვის რეკორდულად მაღალი დივიდენდების გაცემის რეკომენდაციას იძლევა. თითო აქციაზე 3,85 რუბლი, ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. "გაზპრომის" აქციის ღირებულება მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 17 მაისის მონაცემებით, 197 რუბლს შეადგენდა.

იმ შემთხვევაში, თუ აქციონერები ამ რეკომენდაციას დათანხმდებიან, დივიდენდების გაცემა 2009 წელთან შედარებით 61%-ით გაიზრდება. კომპანიის აქციონერთა ყოველწლიური შეკრება მოსკოვში 30 ივნისს გაიმართება, დივიდენდების გაცემა კი 2011 წლის აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

2010 წელს "გაზპრომის" მოგება დაბეგვრამდე, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 1,27 ტრლნ რუბლი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი - 998 მლრდ რუბლი. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, სადივიდენდო გადასახადი სუფთა მოგების 17,5% ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

Monday, May 16, 2011

2010 წლის ინფლაციის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 184 ქვეყნიდან 165-ე ადგილზეა


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქართველო 184-დან 165-ე ადგილზეა - ანუ, შარშან, მსოფლიოს 164 ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების საერთო დონე საქართველოზე ნაკლებად გაძვირდა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა.

საქართველოს ჩამორჩება მხოლოდ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იამაიკა, ნიგერია, ვიეტნამი, უზბეკეთი, იემენი, პაკისტანი, ანგოლა, მოზამბიკა და სხვა.

საქართველოში ინფლაციას ხშირად გარე ფაქტორებს - ძირითადად, ხორბლისა და ენერგომატარებლების გაძვირებას აბრალებენ, თუმცა სავალუტო ფონდის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდება და მისი საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება საეჭვოა.


Wednesday, May 11, 2011

კონფერენცია "საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის"

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ორგანიზებით, სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფერენცია "საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. გილაურის განცხადებით, მთავარი დისკუსია გაიმართა იმის გარშემო თუ რა რეფორმები გატარდა საქართველოში და როგორ შეიძლება საგადასახადო სისტემამ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას.

 
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების წარმომადგენლების განცხადებით, ეს პირველი კონფერენციაა, რომელზეც რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ახალ მიდგომას შეიმუშავებენ და მიკრო და მცირე საწარმოებისათვის საგადასახადო სისტემების გაუმჯობესებისა და დახვეწის სფეროში საქართველოს მაგალითს გაიზიარებენ.

საქართველოს ევროკავშირი 46 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 46 მლნ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირში საქართველოს ელჩის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტი ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

"ფინანსური დახმარება განკუთვნილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებისთვის, ასევე ექსპორტის განვითარებისთვის", - აღნიშნა ელჩმა.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, თანხის ნაწილს საქართველო გრანტის, ნაწილს კი შეღავათიანი კრედიტის სახით მიიღებს.

სიახლე აჭარის ტურისტულ ბაზარზე

კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი პროდუქტის შექმნა – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი პროექტის მიზანია. ივლისიდან აჭარაში ჩამოსულ დამსვენებელს „სითი კარტის“, ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეეძლება. ახალი ინიციატივა დეპარტამენტს პირველ ეტაპზე 170 ათასი ლარი დაუჯდება.

„სითი კარტის“  მომსახურებაში გაერთიანების შესაძლებლობა აქვს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც დამსვენებელზეა ორიენტირებული და ვინც მზად არის 10-15-პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზოს კლიენტს. ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, სააგენტო, რომელიც ტურებს აწყობს, საჩუქრებისა თუ სუვენირების მაღაზია, რაოდენობა შეზღუდული არ არის“ –  ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა დიასამიძე.

ბარათს თან ახლავს ბუკლეტი, რომელშიც მომსახურების ჩამონათვალია. მასში მითითებულია ყველა ის ობიექტი, დასასვენებელი ადგილი და ტურისტული ღირსეშანიშნაობა, მუზეუმი, სადაზღვევო კომპანიაც კი, რომლებიც "სითი კარტის" სისტემაში თანამშრომლობს. ბარათის მფლობელები ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მისი ღირებულება 30-40 ლარი იქნება, სარგებლობის ვადა – 10 დღ

ტურისტს ბარათის შეძენა შეეძლება სარფის გამშვებ პუნქტთან, აეროპორტში, რკინიგზის სადგურსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. მასში  მოცემულია როგორც იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ, ისე მათი ფასდაკლების პროცენტებიც.

"სითი კარტის" მომსახურებაში მინიმალური სადაზღვევო პაკეტიც შევა.

"სითი კარტი" მუნიციპალური სერვისია. დეპარტამენტის ხელმძღვანელის გათვლებით, პროექტი კომერციული არ არის და, შესაბამისად, არც მომგებიანია: "ეს არის პროექტი, რომლის მიზანია, კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა".

ბარათის გააქტიურება ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

Friday, May 6, 2011

იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესი

 იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს.


 დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასული პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე,ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.


 დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსზე (შემდგომში- სტატუსი) გავლენას არ ახდენს დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის შემდეგ პირის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა.

Tuesday, May 3, 2011

შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა



შემოსავლების სამსახური ახალი ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ გუშინ  ფინანსთა სამინისტროში პრესკონფერენციას გამართა.

შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას/იმპორტისას აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგისა და სიგარა/სიგარეტისთვის გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის ოდენობის განსაზღვრას გულისხმობს.

 პრესკონფერენციას შპს-ების "საქართველოს თამბაქოს წარმოება", "ფროდაქშნ ენდ ნეთვორქ ლიმითედ", "ფილიპ მორის საქართველო", "ქარიდიან თობაქოს", "ბ.ა.ტ.-ჯორჯია საქართველოს", "თელიანი ველის", "ბიარ ჯორჯიას", "ქართული ღვინისა და ალკოჰოლის კომპანიის", "ჯორჯიან ალიანსის", "ასკანელი ძმების" წარმომადგენლები დაესწრნენ..